Monday, December 17, 2012

ქართული მოდის პოპულარიზაცია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ


 ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოდის ბიზნესი ნამდვილად არ ყვავის, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში წინსვლაც შეიმჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვესმის კრიტიკული ან სარკაზმული მოსაზრებები წელიწადში ოთხი მოდის კვირეულის ჩატარებაზე, (თუმცა  ამჟამად  წელიწადში ორჯერ ტარდება) მიმაჩნია, რომ ეს მაინც წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს. უამრავი ხარვეზის მიუხედავად, თითოეული მოდის კვირეული არის ერთგვარი გამოცდილება როგორც დიზაინერებისთვის, ასევე მათი ორგანიზატორებისთვის. იმედი მაქვს, ამ გამოცდილებას შეძლებისდაგვარად გამოიყენებენ და მომავალი მოდის კვირეულები სულ უფრო და უფრო დახვეწილი იქნება. მაგრამ იმისთვის, რომ კვირეული ხარვეზების გარეშე ჩატარდეს, დაიმსახუროს კრიტიკოსების, ადგილობრივი და უცხოური პრესის დადებითი შეფასება საჭიროა ორგანიზატორების მხრიდან დიზაინერებთან კოლაბორაცია  და ერთობლივად ხარისხზე ზრუნვა. მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული, ამიტომ სანამ ზედმეტად კრიტიკულნი ვიქნებოდეთ ზოგადად ხარისხის მიმართ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრ დიზაინერს არ გააჩნია საკმარისი ფინანსები ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მითუმეტეს დამწყებ დიზაინერებს. აგრეთვე რთულია  სპონსორის მოძიება და ეს გასაკვირი არც არის, რადგან მოდის სფერო დღესდღეობით მომგებიან ბიზნესად არ ითვლება საქართველოში.
მოდის მარკეტერების ამოცანა სწორედ  მსგავს სიტუაციებთან გამკლავებაში მდგომარეობს. მიმაჩნია, რომ პირველ რიგში სიტუაციის მოგვარება უნდა დაიწყოს თავად დიზაინერების პრობლემების გადაჭრით და მხოლოდ შემდეგ იქნება მიზანშეწონილი ორგანიზატორულ საკითხებზე ზრუნვა. ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ყველაფერი უნდა იყოს მიმართული  იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ნამუშევარი გაეყიდოთ ქართველ დიზაინერებს. დღესდღეობით რამდენიმე ცნობილ დიზაინერს აქვს საკუთარი სალონი, მაგრამ ყველა დიზაინერს ამის ფუფუნება არ აქვს. რა საშუალებები აქვთ ქართველ დიზაინერებს რომ გაყიდონ საკუთარი პროდუქცია? რეალობა გვიჩვენებს, რომ არცთუ ისე ბევრი. გარდა სანაცნობოსაახლობლო წრეებისა, არსებობს ერთი ამჟამად ყველასათვის ცნობილი ადგილი, სადაც შეიძლება სხვადასხვა დამწყები და ასევე ცნობილი  დიზაინერების ნამუშევრების შეძენა. ეს არის მაღაზია Flabour,  რომლის კონცეფციაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ხელი შეუწყოს ქართველი დიზაინერების ნამუშევრების პოპულარიზაციას და რეალიზაციას. მაღაზია ქალაქის ცენტრში მდებარეობს.წარმოდგენილია ხელმისაწვდომი და აგრეთვე შედარებით ძვირადღირებული ნამუშევრები. ასე რომ, მომხმარებელს აქვს არჩევანის საშუალება შეიძინოს ეროვნული წარმოების პროდუქცია. ასეთი ტიპის მაღაზიები რათქმაუნდა ხელს უწობს ქართული მოდის პოპულარიზაციას და ქართველ მომხმარებლსაც აჩვევს შეიძინოს არამხოლოდ უცხოური ბრენდების პროდუქცია. გარდა ამისა, ნამუშევრების რეალიზაციის შესანიშნავი საშუალებაა იმ დამწყები დიზაინერებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსები რომ გახსნან საკუთარი სალონები.
 ასეთი ტიპის მაღაზიათა არსებობა უდავოდ უწყობს ხელს  ქართველი დიზაინერების ნამუშევართა რეალიზაციას.  ეს კი თავის მხრივ, იწვევეს პროდუქციის ხარისხის ამაღლებას და მეტ ინტერესს  როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.
რაც შეეხება უცხოეთში ქართული მოდის პოპულარიზაციას, აქ ვითარება  კიდევ  უფრო რთულია. არსებობენ საზღვარგარეთ მოღვაწე დიზაინერები, რომლებმაც უკვე დაიმკვიდრეს გარკვეული ადგილი მსოფლიო მოდაში მაგ: ირაკლი ნასიძე, დევიდ კომა, თათა ნაკა და . მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ რთულია საზღვარგარეთ სახელის დამკვიდრება და საკმაოდ დიდ ხარჯებსაც მოითხოვს. გიფიქრიათ თუ კიდევ რა შეიძლება გახდეს უცხოეთში ქართული მოდის პოპულარიზაციის საშუალება?   სრულიად მოულოდნელად აღმოვაჩინე,  რომ ამაზე უკვე ვიღაცას უზრუნია.  შეიმუშავეს კონცეფცია და დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ ეროვნული პროდუქციის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ. ეს არის ახლადგახსნილი ვებგვერდი fromge.com 
რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ქართველი დიზაინერების ნამუშევრების შეძენა ნებისმიერი ქვეყნიდან. ალბათ ქართველი მომხმარებლისთვისაც  მოსახერხებელია შეიძინოს ნივთი სახლიდან გაუსვლელად მაგრამ fromge.com აქცენტ მაინც უცხოელ მომხმარებელზე კეთებს,  რაც ჩემი აზრით, კარგი საშუალებაა, რომ საზღვრებს გარეთ გაეცნონ ქართულ მოდას და ქართველ დიზაინერებს მიეცეთ მეტი ასპარეზი. თანაც, როგორც გამოხმაურებებიდან ჩანს, პირველი მომხმარებლები სწორედ მეზობელი ქვეყნიდან, რუსეთიდან იყვნენ. შეიძლება უცხოელი მომხმარებლისთვის ერთერთ ხიბლს სწორედ ის წარმოაგენდეს, რომ  ქართველი დიზაინერების ნამუშევრები არის ზოგ შემთხვევაში ერთ ეგზემპლიარად წარმოდგენილი, ხშირად ხელით ნამუშევარი და არც ერთ შემთხვევაში სერიული წარმოების , მაქსიმუმ  3 ზომით შემოფარგლული. ნივთის უნიკალურობა  ერთერთ ფაქტორია, რითაც შეიძლება უამრავი სახეობის პროდუქტითა და ბრენდებით განებივრებული ინტერნეტ მომხმარებლის დაინტერესება.
  როგორც ჩანს, თურმე არსებობს საშუალებები, რომ ქართულმა მოდამ განიცადოს წინსვლა როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ! ვიმედოვნებ, რომ კიდევ უფრო მეტი გზა გამოიკვეთება  უახლოეს მომავალში.