Tuesday, January 1, 2013

თბილისის მოდის კვირეულის მარკეტინგული შეფასება



აღარ დავიწყებ იმის აღწერას, თუ რა ფერებში იყო კოლექციები გადაწყვეტილი და რა ქსოვილები იყო გამოყენებული, არც ვის რა ეცვა და ვისთან ერთად სტუმრობდა კვირეულს, მაგრამ  მინდა გავამახვილო ყურადღება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც მოდის კვირეულის ჩატარებას მოყვა. არ ვამბობ რომ უინტერესო და უსარგებლოა ამ ყველაფრის აღწერა, უბრალოდ ამაზე უკვე საკმაოდ ბევრი დაიწერა და თავადაც შეგიძლიათ იხილოთ კოლექციების სრული ფოტო მიმოხილვა. ასევე თუ გაინტერესებთ  მომზადების პროცესი, მაკიაჟის დეტლები ა.შ. ანუ რა ხდებოდა ბექსთეიჯში, ესეც შეგიძლიათ ფოტოებიდან შეიტყოთ. ქსკლიუზივი ეკუთვნოდა LIG Studio – ს და შესაბამისად მხოლოდ მათ გვერდზე იქნება შესაძლებელი ამ ყველაფრის ხილვა.
ამ ღონისძიებას მოდის მარკეტინგის კუთხით რომ შევხედოთ, დაგვაინტერესებს თუ რამდენად სარგებლის მომტანი იყო ქართველი დიზაინერებისთვის კვირეულში მონაწილეობის მიღება. შესაბამისად  გამიჩნდა კითხვები: მოდის კვირეულში მონაწილეობის მიღების დროს დიზაინერების ინტერესი მხოლოდ საზოგადოებისთვის კოლექციის წარდგენა იყო, თუ უფრო კომერციულ მიზნებს ემსახურებოდა; რა გამოხმაურება მოყვა მათ ჩვენებებს; იმატა თუ არა გაყიდვებმა; მიიღეს თუ არა რაიმე საინტერესო შეთავაზება და რამდენად დაეხმარა  მათ კვირეულში მონაწილეობის მიღება კარიერულ წინსვლაში.
ამ ყველაფრის გასაგებად დავუკავშირდი მოდის კვირეულში მონაწილე  რამდენიმე დიზაინერს და გთავაზობთ მათ კომენტარებს:
ქეთი ჩხიკვაძე
‘ამჯერად თბილისის მოდის კვირეულს არ ესწრებოდენ მოწვეული სტუმრები ანუ  ეგრეთწოდებულიბაიერებიამიტომ გათვლა ძირითადად ჩემს კლიენტებზე იყო. ეს კოლექცია უკვე წარდგენილი მქონდა TRANOI – შოუ რუმზე და შეკვეთებიც უკვე აღებული მაქვს. თბილისის მოდის კვირეულში მონაწილეობა ძირითადად ქართველი საზოგადოებისთვის კოლექციის წარდგენას ემსახურებოდა და ნამუშევრებსაც ქართველი მომხმარებლები ყიდულობენ. ჩემი კარიერა დაიწყო თბილისში, ასევე  ვმოღვაწეობ ყაზახეთში და პარიზში, სამივე ქალაქი ჩემთვის მნიშვნელოვანია და რათქმაუნდა ამ ქალაქებში ჩატარებულ მოდის კვირეულებში მონაწილეობაც ჩემი კარიერული წინსვლის ერთერთი შემადგენელი ნაწილია.’
აკა ნანიტაშვილი
ყოველთვის ვაკვირდები მაყურებელს და ჩემს კლიენტს და იმის მიხედვით  ვაფასებ, თუ რამდენად წარმატებული იყო ჩემი კოლექცია. ყველაზე კარგი შეფასება მათგან მოდის,  რაც გაყიდვებზეც აისახება და ამ მხრივ საკმაოდ წარმატებით ჩაიარა ჩემმა ჩვენებამ. მიმაჩნია, რომ  ყოველთვის უნდა მივიღო მოდის კვირეულში მონაწილეობა და ყველა დიზაინერს იგივეს  მოვუწოდებ . ეს არის ყველაზე კარგი შანსი წარმოვადგინოთ კოლექციები და გავაცნოთ თავი საზოგადოებას. ამ კვირეულზე რაიმე განსაკუთრებული შეთავაზება არ მიმიღია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყოველი წარმატებული ჩვენება ჩემი კარიერის წინსვლის საწინდარია.


ლაკო ბუკიას მოდის სახლის  წარმომადგენელი, ანანო დოლაბერიძე
‘იქიდან გამომდინარე რომ ლაკო აქამდე ლონდონში მოღვაწეობდა და იღებდა მონაწილეობას ლონდონის მოდის კვირეულებში, საქართველოში დიდი ხანია არ უჩვენებია კოლექცია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიმოვნო ფაქტია ის, რომ მივიღეთ თბილისის მოდის კვირეულში მონაწილეობა და ქართულ საზოგადოებას ვანახეთ ჩვენი კოლექცია. რთულია იმაზე ლაპარაკი რა გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს კოლექციას. ეს ალბათ უფრო იმ ადამიანებმა უნდა თქვან, ვინც დაესწრო ჩვენებას. თუმცა ხალხის დამოკიდებულებით და შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, ყველას ძალიან მოეწონა და აღნიშნეს რომ ძალიან დახვეწილი და საინტერესო კოლექცია იყო, რამაც ძალიან გაგვახარა.რაც შეეხება შეთავაზებებს, თბილისის მოდის კვირეულის შემდეგ არაფერი არ მიგვიღია, ჩვენი ინტერესი მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის კოლექციის წარდგენა იყო, რადგან ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში ყოველთვის ინტერესდებიან ჩვენი კოლექციებით, იღებენ სხვადასხვა ჟურნალებში, ხვდება სხვადასხვა ქვეყნების შოუ-რუმებში.’


ნინო ბაბუხადია 
‘როგორც დამწყები დიზაინერისთვის, მოდის კვირეულში მონაწილეობა ჩემთვის  ერთგვარი პიარის საშუალება იყო, რომ გავცნობოდი უფრო ფართო საზოგადოებას. აგრეთვე ჩემთვის  საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო  ხალხის შეფასება, მათი აზრი ჩემს კოლექციაზე. გაყიდვების გაზრდა ჯერ არ დაფიქსირებულა, რადგანაც სულ რამდენიმე დღე გავიდა ჩვენების შემდეგ. ჩემი ნამუშევრები საკმაოდ წარმატებით იყიდება ჩემს ატელიეში და მაღაზია flabour– ში. თუმცა, იმედი მაქვს მოდის კვირეულზე ჩვენების წარდგენის შემდეგ ახალი მომხმარებლებიც გამოჩნდებიან. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ მივიღე ბევრი კარგი შეფასება და ვიგრძენი დადებითი ემოციები ჩემთვის უცხო ხალხისგან. მიხარია, რომ ჩემი შრომა დამიფასდა და მინდა მადლობა გადავუხადო მოდის კვირეულის ორგანიზატორებს იმისთვის, რომ ამყველაფრის საშუალება მომცეს.’

თეონა გარდაფხაძე
ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ თბილისის მოდის კვირეულში მივიღე მონაწილეობა. კოლექციას ერთ კვირაში მივეცი ჩვენების სახე და  შესაბამისად მხოლოდ კომერციულ გამოხმაურებას ველოდი. რა გათვლითაც წარვადგინე კოლექცია კვირეულზე, ის შედეგი მივიღე: ჩვენების შემდეგ ნახევარი კოლექცია გაიყიდა.
ეკა ბალანჩივაძე:
„ წლევანდელი მოდის კვირეული სამ დღიანი იყო და ამიტომ დიდი რეზონანსიც არ მოყოლია, თუმცა, საკმაოდ ლამაზად ჩაიარა ამ სამმა დღემ და რაც მთავარია, საახალწლო განწყობა მოიტანა. ჩემი კოლექცია ძირითადად თბილისელი მომხმარებლისთვის იყო გათვლილი, რაც აბსოუტურად გამართლდა და შედეგიც მოიტანა: წარდგენის შემდეგ კოლექციის დიდი ნაწილი წარმატებით გაიყიდა. რაც შეეხება კარიერულ ზრდას, თბილისის მოდის კვირეული ხელს გვიწყობს დიზაინერებს გავიტანოთ კოლექციები საქართველოს საზღვრებს გარეთაც. იმედი მაქვს გაზაფხულზე კიდევ მეტად მასშტაბური გახდება თბილისის მოდის კვირეული და ყოველ მომდევნო წელს კიდევ უფრო რეზონანსული“.
რაც შეეხება საქართველოს საზღვრებს გარეთ კოლექციების გატანას, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეკამ მიიღო შეთავაზება Fromge.com - ისგან სადაც ქართველი დიზაინერების ნამუშევრები უცხოურ ბაზარზე გასაყიდად არის წარმოდგენილი. ამის შესახებ დიზაინერმა განაცხადა: ‘ინტერნეტ მაღაზიები საკმაოდ პროდუქტიულად მუშაობს მსოფლიოში, ასე რომ, ვფიქრობ ერთ–ერთი კარგი საშუალებაა ნამუშევრების საქართველოს გარეთ რეალიზაციისთვის.’
     ერთი ნიუანსი მინდა აღვნიშნო: როგორც  დავაკვირდი, დიზაინერები ძირითადად კოლექციებს ჩვენებებისთვის ქმნიან, ანუ ნაკლებად კომერცული ინტერესით. ეს იმის შედეგიც არის, რომ გარემოებები ჯერ კიდევ არ იძლევა  საშუალებას, რომ  დახარჯული თანხები აინაზღაურონ  ნამუშევრების გაყიდვით.  მე ვფიქრობ, ამ სიტუაციის გასაუმჯობესებლად  საზოგადოების მხრიდანაც არის საჭირო ხელშეწყობა. გასაგებია, რომ ყველაფერი ისეთ დონეზე ვერ ტარდება როგორც პარიზის და მილანის მოდის კვირეულებზე და ისეთი HAUTE COUTURE ჩვენებები არ ტარდება ჩვენთან, მაგრამ მხოლოდ კრიტიკით არ მგონია რომ რამის გაუმჯობესებას მივაღწიოთ. პირიქით, თუ დავუფასებთ დიზაინერებს შრომას და წავახალისებთ მათ,  უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ. ვფიქრობ, საზოგადოების ყველა წევრს შეუძლია ამაში წვლილის შეტანა. მაგალითად ერთხელ მაინც თუ შეიძენს ქართველი დიზაინერის ნამუშევარს სერიული ბრენდის მაგივრად, სადმე ღვარძლიანი კომენტარის დატოვების ნაცვლად თუ გააზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებებს  დიზაინერზე ვისგანაც შეიძინა, ან თვით პროდუქტის შესახებ . ზოგადად კეთილგანწყობის შედეგი იქნება ის, რომ მოხდება ქართული მოდის პოპულარიზაცია საკუთარ ქვეყანაში, რის შემდეგაც ჩემი აზრით, საზღვრებს გარეთ მისი პოპულარიზაციაც უფრო გაადვილდება. როგორ ფიქრობთ, თქვენ როგორც საზოგადოების ერთ–ერთ წევრს, როგორ შეგიძლიათ  წვლილი შეიტანოთ  და თუ ეს უკვე გაგიკეთებიათ, როგორი სახით.
ველი თქვენს გამოხმაურებას, საუკეთესო სურვილებით,
ნინა
Tbilisi Fashion Week
იხილეთ სტატია მარკეტერზე